უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო, ნადიმ ხმალაძე, რომლის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ამბობს, რომ ქიმიური ნივთიერება ზარინით მოიწამლა. იგი ფეისბუქზე წერს, რომ მის სისხლში "ზარინთან" ერთად გაურკვეველი ნივთიერების ნარევიც იყო.
"მოკლედ დღეს გვითხრეს რომ მოვიწამლეთ ქიმიური ნივთიერება ზარინი, რაღაც გაურკვეველ ნარევთან ერთად, ფსიქოსტიმულიატორი, ნაერთის დადგენა ვერ ხერხდება", - წერს ნადიმ ხმალაძე.
მან 5 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მყოფ 6 ქართველ მებრძოლს ქიმიური ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს.
როგორც ის ფორმულასთან ინტერვიუში ყვება, მოწამვლამდე გოსტომელის ტერიტორიაზე ე.წ. წმენდაზე იყვნენ, სადაც ადგილზე აირწინაღები დახვდათ.
"შეიძლება ეს იყო სითხის სახით... აირწინაღები დატოვეს, ეტყობა, ამ დროს დაყარეს ეს ქიმიური ნივთიერებები. შეისუნთქვ თუ რა, ამას თვალით ვერ ხედავ. ჩადიხარ სანგრებში, იქაც ვერ ხედავ.
როდესაც დავბრუნდით ბაზაზე, დილით რომ გავიღვიძე, ხელები მქონდა შეშუპებული საშინლად, მქონდა თავის ტკივილი, თვალების წვა, ყელის წვა და ორიენტაცია დაკარგული. როცა მივმართე ადგილობრივ მედპუნქტს, მითხრეს, რომ ქიმიური მოწამვლის ყველა სიმპტომი იყო. იგივე სიმპტომები აღმოაჩნდათ გაღვიძებისას ჩვენს მებრძოლებს", - ყვება ნადიმ ხმალაძე.
მანვე აღნიშნა, რომ ამ მოწამვლით ორი მებრძოლი დაიღუპა, რის შემდეგაც სამედიცინო პერსონალმა მათი კლინიკაში დატოვება გადაწყვიტა.